თეგი: გამოძიება
მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს
მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ისე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის/საფოსტო გზავნილების მიმართ. „აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტების (150 ცალი) მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 196 045, 152 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთი სამონაზვნო პირი მეორეს. ასევე წაიკითხეთ: საპატრიარქო სოცალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე სუსმა გამოძიება დაიწყო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უკვე მიაწოდა უკრაინის სპეცსამსახურებს. ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.
სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო
სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს. მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. თავად ექიმ-თერაპევტი კი, ამ დრომდე საქმიანობას მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობს. როგორც მისი ოჯახის წევრი აცხადებს, ქალის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას საცხოვრებელ ბინაში მაცივარი და კანალიზაცია ჰქონდა გაფუჭებული, სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნი კი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა. ცნობისთვის, 18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნის, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს.
წალენჯიხაში პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
რუსეთში უკრაინის არმიასთან ერთად მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებითვე, „უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებებისთვის“ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული „დაქირავებულთა“ წინააღმდეგაც. „ასევე, არის საქმეები უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედებების ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით", – თქვა ბასტრიკინმა. მას ამ მოქალაქეების კონკრეტული რიცხვი და ვინაობა არ დაუსახელებია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შსს-მ მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
შსს-მ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ არის გადაღებული და სადაც 2 პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული.
დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი დაკითხავს - CNN
აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი 10 აგვისტოს დაკითხავს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, უპასუხებს თუ არა ტრამპი კითხვებს, თუ თავს დაიცავს მეხუთე შესწორების უფლებით დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემისას. ამ ინფორმაციას წინ უძღვის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ფლორიდაში მდებარე ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარება. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კომენტარი გავრცელდა, რომლის თანახმად, კანონზე მაღლა არავინ დგას. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საქმეზე გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ უწყებაში. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.
ნიუ-იორკის პროკურორმა დონალდ ტრამპი და მისი უფროსი შვილები თაღლითობაში დაადანაშაულა
ნიუ-იორკის შტატის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი უფროსი შვილების და ასევე კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News- ავრცელებს. "სარჩელი 200 გვერდზე მეტს მოიცავს, სადაც დონალდ ტრამპს მის ნათესავებსა და ბიზნეს ორგანიზაციას ბრალად ედებათ წლების განმავლობაში ფინანსური თაღლითობა, მათ შორის კომპანიის კაპიტალიზაციის შესახებ ყალბი მონაცემების მიწოდება, რომელიც ან არასაკმარისად იყო შეფასებული, ან გადაჭარბებული იყო, ხელსაყრელი პირობებით კრედიტის ასაღებად, ან ნაკლები გადასახადების გადასახდელად", - განაცხადა პროკურორმა. ამასთან, საგამოძიებო უწყება ტრამპს 10 წლის განმავლობაში თაღლითობის 200 ეპიზოდში ადანაშაულებს.
წალენჯიხის მერის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.
სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ. პროკურატურა: სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებლები სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ. "მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან შემოსული და სასაქონლო ექსპერტიზას ატარებენ, ალბათ, მერე აღწერა გაკეთდება. თეთრი კარკასი იყო, როცა ჩვენ ეს სახლი შევიძინეთ და შეძენის შემდეგ რაც გაკეთდა, ალბათ, ამის აღწერა აქვთ. ჩვენ ნებართვა მივეცით, რადგან სასამართლო განჩინება წარმოგვიდგინეს და ამის საფუძველზე შემოვიდნენ“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.
ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს მომხდარზე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ სახლში, გარდაიცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამასთან, შეგახსენეთ, რომ 2017 წლის მაისში, ავტოავარიას ემსხვერპლა ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია.
Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების" შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა
Nord Stream AG-მა, რომელიც Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი იყო რუსეთის მხარე. Nord Stream AG-ს აქციების 51% ეკუთვნის „გაზპრომს“, რომელიც ორივე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მფლობელია. ცალკე გამოძიებას ატარებენ ასევე შვედეთი, დანია და გერმანია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის გაზსადენი. ერთობლივი გამოძიების შესახებ ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე. „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ერთი მილი, მწყობრიდან სექტემბრის ბოლოს გამოვიდა. ახლომდებარე ქვეყნების სამონიტორინგო სამსახურებმა სეისმური აქტიურობა დააფიქსირეს ავარიის რაიონში, რაც აფეთქებების ვარაუდის საშუალებას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი“ გერმანიაში რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-იც რუსეთის გაზის ევროპაში ექსპორტისთვის აშენდა, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ამის შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გაზსადენი ექსპლუატაციაში არ შესულა. ავარიის მომენტისთვის ევროპაში „გაზპრომის“ განცახდებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება, ტექნიკური მიზეზებით შეწყდა. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო მოსმენებზე, გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაისყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას უკანონოდ უსმენენ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს - გერმანიის იუსტიციის მინისტრი
რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების გამო, შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. „უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა. „თუ ადამიანები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების შედეგად, დარჩებიან გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად“, - თქვა ბუშმანმა. მისი თქმით, პუტინის უშუალო პასუხისმგებლობის ნიშანი შეიძლება იყოს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლები ტელევიზიით, რომელშიც კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები მიზანმიმართული ტაქტიკაა. ამასთან, გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა ვერ დაიწყო გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, დასძინა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა. „პუტინი არის სახელმწიფოს მეთაური და ამიტომ აქვს იმუნიტეტი“,- განმარტა ბუშმანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ომის დანაშაული და ბარბაროსობაა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ „გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, დღეს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ვანო მერბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ცემისთვის ან სხვაგვარი ძალადობისთვის. მანამდე, რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილსა და „უცნობის“ სიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას“, - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დააჯარიმეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის საქმეზე 184 ადამიანი დააკავეს
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის გამო, თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის კონტრაქტორები და ქონების მფლობელები უკვე დააკავეს. აქამდე 113 ადამანის დაკავებაზე იყო ორდერი გაცემული. დაკავებულთა შორის არის მერი ერთ-ერთი იმ ქალაქისა, რომლის სიახლოვესაც მიწისძვრა მოხდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით. თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა ახლა 50 000-ს გადააჭარბა. „წლების განმავლობაში ექსპერტები გამოდიდნენ გაფრთხილებით, რომ კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ბევრ ახალი შენობას საცხოვრებლად სახიფათოს ხდიდა“, - წერს BBC. მისივე თანახმად, თურქეთში მიწისძვრების შემდეგ 160,00-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო რეგულაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ თათია სამხარაძის მიმართ, შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ცნობისთვის, „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებს კი თათია სამხარაძე კარადაში დახვდათ“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილიც იმყოფებოდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 2 პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის რეალიზაცია, წინასწარი შეცნობით შეიძინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა. რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, არ განახორციელა ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები და არ აღკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186 – ე, 210-ე და 332 -ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მნიშვნელოვან დანაშაულებს იძიებს. ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება სამსახურისგან სათანადო მობილობას, საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ფუნქციების შეუფერხებელ განხორციელებას მოითხოვს. სწორედ ამ ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურმა ახალი ოფისები კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გახსნა. ახალი რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე, დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამსახურის სხვადასხვა რეგიონში მყოფ თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დისტანციურ სამუშაო შეხვედრებს დაესწრონ ან/და ჩაატარონ. ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება. სამსახური აქტიურად აგრძელებს ინსტიტუციური გაფართოების პროცესს, მომდევნო წელს შემდეგი რეგიონალური სამმართველო ქ. რუსთავში ამოქმედდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება არ განახლდება - ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე
„შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ არ განახლდება აღნიშნული საქმე“, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მაგისტრანტმა მოსამართლემ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, კითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელთან, სერგო შუბითიძესთან მის კავშირებს შეეხებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი გამომძიებლის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში დაიბარეს „სამწუხაროდ, ყველაფერს გააკეთებენ ზემდგომი და გენერალური პროკურატურა, რომ რაღაცნაირად „ჩაფარცხონ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა, ერთ-ერთ სატელევზიო ეთერში განაცხადა, რომ მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ის ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარა სერგო შუბითიძე, რომელიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, 2 მაისს გამოიკითხა.