თეგი: გრენლანდია

აშშ-ის მიერ გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, დანიამ ელჩი გამოიძახა

„გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მ მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს.“ ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიქსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი ავრცელებენ. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს რაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა. „ჩვენ ეს ადრეც ნათლად გვითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობთ: თქვენ სხვა ქვეყნების ანექსიას ვერ მოახდენთ. ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ველით,“ - ნათქვამია გაცხადებაში. ცნობისთვის, ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია, ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს,“ - დაწერა ლენდრიმ X-ზე. დანიის ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის ელჩი დანიაში კენ ჰოუერი ორშაბათს კოპენჰაგენში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ოფიციალური პირების თქმით, დანიის მთავრობა წინასწარ არ იყო ინფორმირებული ლუიზიანiს გუბერნატორის ჯეფ ლენდრის გრენლანდიის ელჩად დანიშვნის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადეს, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიას და გრენლანდიის ხალხს.“ გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის, მაგრამ ძირითადად ავტონომიურია და თვითმმართველობა აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ტერიტორიული პრეტენზიები რესურსებით მდიდარი კუნძულის გამო. დაძაბულობას ასევე ხელი შეუწყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, პიტუფიკში.