თეგი: ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძის თქმით, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის ფონზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ელის. „ბოლო 2 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 17-18 ათასი შემთხვევა 3-ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტოში იყო. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი, შეიძლება, კიდევ უფრო უარესი იყოს. იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას. ახლა 5-ჯერ მეტი საწოლია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის დროს იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, საფრთხეები არ არსებობს. „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, რაც საქართველოში არის კიდეც - იანვრის მეორე კვირიდან, სტაციონარებში მიმართვიანობა მზარდია“, -განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ცნობით. მისივე თქმით, პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვენახევარი გრძელდება. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ივანე ჩხაიძე: თებერვლის მეორე ნახევრიდან ეპიდვითარება დასტაბილურდება
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი იქნება. „ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის გამოცხადების ინიციატივით გამოდის
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის დღედ გამოცხადების ინიციატივით ბიუროს მიმართა. ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. „შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს. „საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით: - “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება, რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი მისი აღდენის დღეა. უმრავლესობის წევრები საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას არ ემხრობიან.
ივანე ჩხაიძე: ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ
მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო 3 კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. „ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია", - განაცხადა ჩხაიძემ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი
ივანე ჩხაიძე: საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
"ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, პირველი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში მსგავსი 450 შემთხვევაა გამოვლენილი. „ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა. ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს. "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. თუ „მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტი გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
"იაშვილის კლინიკაში, პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა", - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გრიპის და სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვრის თვეში არის, წელს ეს პიკი მარტი-აპრილის პერიოდში მოვიდა. ანუ, შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპურ პერიოდს დაემთხვა და უფრო მეტიც, გრიპის შემთხვევები მაისშიც კი ფიქსირდებოდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. 2020-2021 წელს საქართველოში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გრიპის 2 შემთხვევა იყო. წელს მარტო იაშვილში, პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, გრიპის 44 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, რაც გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობის შემთხვევები ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სეზონზე და ამ პერიოდში ყოფილიყო. ეს სრულიად განსხვავებულია. ამის უკან ვირუსი დგას და არა ბაქტერია. ბაქტერიული პნევმონია მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მაგრამ წელს, ასევე, გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული ფილტვების ანთების პიკი გვაქვს“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს
რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია. ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე: აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი
ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია. იმ პირობებში, როცა ორი კვირის წინანდელ მონაცემთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი, ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის გააქტიურების მნიშვნელობასა და შემოდგომისთვის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, არ გამორიცხავს ნიღბის ტარების ვალდებულების ისევ შემოღებასაც. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა „აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში ასახელებს იმ სამ ფაქტორს, რის გამოც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. რა შეზღუდვების განახლება შეიძლება, დასჭირდეს ქვეყანას, როგორ უნდა მოემზადოს შემდეგი ტალღისთვის და რა რეკომენდაციებია აქტუალური ამ დროისთვის, არსებულ ეპიდვითარებაზე Europetime-ის შეკითხვებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ უპასუხა. გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული არ არის, მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამბულატორიული და მსუბუქი შემთხვევების ხარჯზეა „ომიკრონს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა პაციენტების უმრავლესობა ბინაზე ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშაა. ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს ET: რას უკავშირებთ კოვიდინფექციის გავრცელების საგრძნობ მატებას? ეს პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ზაფხულში მოსალოდნელი იქნებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება, რადგან ეს არის გაზრდილი მობილობის პერიოდი. უფრო მეტი კონტაქტი, უფრო მეტი კომუნიკაცია, მათ შორის, დახურულ სივრცეშიც, შესაბამისად, ზაფხული, შვებულებების, არდადეგების პერიოდი ყოველთვის ითვლება ასეთი ტიპის ვირუსული ინფექციების გაზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. მეორე - მნიშვნელოვანი კომპონენტია ის მუტაცია, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში. თუ იანვარი-თებერვალი-მარტი „ომიკრონის“ მუტაციის პირველი ქვევარიანტი ცირკულირებდა, ახლა ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი. მესამე - უკვე შესუსტებული იმუნიტეტი, გადატანილი კორონავირუსისგან შეძენილი, ან ვაქცინაციის შემდგომი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენად გვიცავს ბუნებრივი იმუნიტეტი (კოვიდგადატანილის), ამ შემთხვევაში საუბარია 4-5 თვიან პერიოდზე. სამწუხროდ, კორონავირუსის გადატანიდან 4-5 თვის შემდეგ, ინფიცირებისგან თავის დასაცავად, იმუნიტეტი აღარ არის საკმარისი. ასეა ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტის შემთხვევაშიც - ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია. თუ ჩვენ გადავხედავთ, როდის იყო საქართველოში ყველაზე მეტი ინფიცირებული. ეს არის იანვარი, თებერვალი, მარტი - მეექვსე ტალღა ქვეყანაში და ამ პერიოდიდან უკვე გასულია 5 თვეზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხსენებულ პერიოდში გადაიტანა „ომიკრონის“ მუტაცია, რეინფიცირებისგან აღარ არის დაცული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის მუტაციებს შორის, სწორედ B.A 5 ვარიანტს აქვს რეინფიცირების ყველაზე მეტი უნარი. ამრიგად, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების მატება არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოს და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. 5-6 ჯერ მომატებულია შემთხვევათა რაოდენობა იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საქართველოში ჯერჯერობით, მკვეთრი მატება არ არის, მაგრამ თუ შევადარებთ ორი კვირის წინანდელ მონაცემებს, აქ უკვე ჩანს, რომ მატების ტენდენცია მნიშვნელოვანია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემთხვევები ყოველკვირეულად მატულობს. ET: თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რა ეპიდსურათს მივიღებთ? ეს ცუდი იქნება. გამოიწვევს საავადმყოფოებში მიმართვიანობის გაზრდასაც და შესაძლებელია, ქვეყანა ისევ დაუბრუნდეს მინიმუმ ისეთი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებას, როგორიცაა, ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ იქნება მკაცრი „ლოკდაუნი“; შეიზღუდება ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. მილიონ 200 000-ია, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა აქვთ გაკეთებული - მათი იმუნური სისტემა, შეიძლება, არა 100%-იანი ეფექტიანობით, მაგრამ მაინც ხელს უშლის მეორედ ინფიცირებას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ალბათობა იმისა, რომ გვქონდეს მკვეთრი მატება და მივიღოთ თუნდაც ისეთი ტალღა, როგორიც იყო მეოთხე და მეხუთე ტალღის შემთხვევაში. თუმცა შემთხვევათა მატება პროგნოზირებადია - ერთი, რაც შეიძლება, აქ იყოს მნიშვნელოვანი, ეს არის შემოდგომა - ამ პერიოდში, როცა უკვე უფრო ნაკლები იქნება ბუნებრივი ან ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი, დახურულ სივრცეებში თავშეყრა სერიოზული რისკია. ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ოქტომბერი-ნოემბერი იყოს მკვეთრი მატების პერიოდი. ზაფხულის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მაგრამ ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი ის პერიოდია, როცა ზოგადად რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქტიურია და შესაძლოა, დაფიქსირდეს გაცილებით დიდი მაჩვენებელი და გარკვეულწილად, ამის რისკი არსებობს. ET: ამისთვის მოსამზადებლად რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? პირველი - აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი. ET: სხვა შეზღუდებს გამორიცხავთ? ვფიქრობ, მკვეთრი შეზღუდვების შემოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ შესაძლებელია, ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება საჭირო გახდეს. ამის პროგნოზირება შეიძლება უფრო მომდევნო კვირების მონაცემების საფუძველზე. თუ შეჩერდება შემთხვევების გაორმაგება, მაშინ რა თქმა უნდა, შანსი არის იმისა, რომ მკვეთრი მატება არ გვექნება ივლისსა და აგვისტოში, როდესაც საკურორტო სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინფორმაციისთვის, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის, 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით. დეკემბერში, როდესაც დღე-ღამეში 2000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათში ტარდებოდა მაგალითად, 42 ათასზე მეტი კვლევა. 5 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 44.9%, როცა სპეციალისტები ამ პერიოდისთვის 70%-ის ვაქცინაციას ვარაუდობდნენ. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 255 928. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი“ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება, ერთწუთიანი კონტაქტითაც გადაედოს
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში კორონავირუსი ავადმყოფიდან ჯანმრთელს შეიძლება ერთი წუთის განმავლობაში გადაედოს. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან „თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ერთი წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება“, - განაცხადა ჩხაიძემ „იმედთან“.
კოვიდიინფიცირების შემთხვევების პიკი დაანონსდა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია. ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება“,- განაცხადა ჩხაიძემ.
წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში - ივანე ჩხაიძე
წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. “გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი. წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე: ნოემბრიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება
მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. კორონავირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვები. ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში. შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები", განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ჩხაიძემ განაცხადა, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. „წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება და თუ გადავხედავთ ჯანმო-ს გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის მონაცემები, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 44-ე კვირას თუ სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, 45-ე კვირას უკვე ათი შემთხვევაა და სავარაუდოდ, მატების ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. მოლოდინია, რომ ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
რესპირაციული ვირუსების პიკი, დეკემბერ-იანვარშია - ჩხაიძე
წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს. "როდესაც სიტყვა სეზონურობას ვახსენებთ, ეს ნიშნავს, რომ ნოემბრიდან იწყება რესპირატორული ინფექციების მატება. წელს სეზონი რესპირაციული ვირუსების დაიწყო ადრე. ჩვენ წელს მაისში, ივლისსა და ივნისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია, თუ სეზონურობაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია. წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% - რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის. ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა... პირბადე ისევ ჩვენი მეგობარი უნდა გახდეს. ამ სამ ვირუსს - გრიპს, რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს, შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რომელი ვირუსია წამყვანი - რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს არ ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ამათ უკან უფრო გრიპი დგას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება - ჩხაიძე
არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. „ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ჩხაიძე
ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს", - განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია. „თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია - არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -აღნიშნავს ჩხაიძე. გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის. „რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, - აღნიშნავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.
დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსის შედარებით ახალი შტამი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა. „კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაცია არის ე.წ. XBB.1.5 [„კრაკენი“], რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან", - განაცხადა ჩხაიძემ.
ქალაქის ცენტრში ახალი, თანამედროვე, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია - ჩხაიძე
ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება მართლაც სერიოზული ნაბიჯია და, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. ჯანდაცვის სამინისტრო: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ. „ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
გრიპის სეზონი დასრულდა - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. „ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა.იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა. რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება. დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი. რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს. ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. “კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსი” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია. ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, “ომიკრონის” მსგავსი უნდა იყოს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში. აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული”, - აღნიშნა ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან". შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. „სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. როგორც იყო განცხადება გაკეთებული, ეროვნული პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. ეს არის, ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადადგმული მედიკამენტის შემოტანის წინ. ამ მედიკამენტის დანერგვას სჭირდება მომზადება. მომზადებაში იგულისხმება როგორც ტექნიკური მხარე, ასევე კრიტერიუმები, ვის უნდა დაენიშნოს პრეპარატი. ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მუშაობს კრიტერიუმებზე, იმ პაციენტების შერჩევაზე, რომლებისთვისაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეროვნული პროტოკოლი აუცილებელია. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსი არსად გამქრალა - ჩხაიძე
“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. 8% ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, კორონავირუსი არსად გამქრალა და მიმართვიანობა გრძელდება. „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს. კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს აქვს, დღემდე რჩება გრიპის ვირუსი, რომელიც 3%-ია დადასტურებულ შემთხვევებს შორის. წინა კვირებში ასევე ერთეული შემთხვევები იყო A ტიპის ვირუსის. ასე რომ ეს მაინც საყურადღებოა, თუმცა, უპირატესი არის რინოვირუსი, გაციებით მიმდინარე დაავადება. 28%-ია რინოვირუსის მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა არა, მაგრამ უმრავლესობა არის მსუბუქი“,-განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.
ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4-ჯერ ნაკლებია 2022-2023 წლის სეზონთან შედარებით - ივანე ჩხაიძე
ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს. მანვე აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში. „47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში),“ - აღნიშნა ჩხაიძემ. რაც შეეხება ვაქცინაციას ჩხაიძისთვის უცნობია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა უკვე შემოტანილია რისკჯგუფებისთვის. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით. ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა
წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული. „პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა. ივანე ჩხაიძის თქმით, ძირითადად არის H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობა. „მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ, ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ
ივანე ჩხაიძე: ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება
ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა. როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა. „გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა. ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია. გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება. ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს. ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს. თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი - იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში,“ - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე: გრიპით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია
გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დეკემბრის ბოლო კვირაში გავრცელების მაჩვენებელი 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა. მან პრევენციულ რეკომენდაციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა. „თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი - 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში - 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით. როდესაც შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს 100 ათას მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა ეს ციფრი 180-190-ია. დეკემბერ-იანვარში სწორედ ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გრიპის მხრივ აქტიურობა, შენარჩუნდება. როდესაც პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ყველაზე ეფექტური არის ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ნოემბრის პირველი ნახევარი. ეს არის ის დრო, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინაცია გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს. ვისაც ახლა აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, შესაძლებელია, თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 10 დღე მაინც იყოთ იზოლირებული, გქონდეთ ნაკლები კონტაქტი, მხოლოდ ნიღბით უნდა გადაადგილდებოდეთ. დანარჩენი რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება. თუ სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, მისი განიავებაც მნიშვნელოვანია, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის შემთხვევაში ერთი მეტრი დისტანცია საკმარისია იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი, სამართალდამცავები და ა.შ. ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა. დანარჩენი მართვა ძირითადად ორ რეკომენდაციას ეფუძნება - მაღალი სიცხის შემთხვევაში, 38 ნახევარი და მეტი სიცხის დამწევის მიცემა და სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მიაღწია თუ არა ვირუსმა გავრცელების პიკს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „ყველაზე მეტი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეობაზე ინფიცირების მხრივ კალენდარული წლის 50-ე კვირას იყო.“ „შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ პიკი ჯერჯერობით რამდენიმე კვირის წინ იყო, თუმცა იანვარი წინ არის. შესაძლებელია, მონაცემებმა მოიმატოს,“ - განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე წითელაზე: ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას გამოიწვევს
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი, 16 შემთხვევა გამოვლინდა. წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია. ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. მისივე განმარტებით, წითელას მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება: რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში. „ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. ევროპაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. თუ შევადარებთ 2022 წელს, 42-ჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. 2022 წელს - 941 შემთხვევა იყო და 2023 წელს კი 42 000 შემთხვევა გვაქვს. ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში ჯანმოს კლასიფიკაციით დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება, საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. თუმცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ამ კუთხით სერიოზული აფეთქებაა და წითელას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი, 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა. ამ 16 შემთხვევიდან 14 არის თბილისში და უმრავლესობა არის 20-დან 40-მდე წლამდე პირი. ვაქცინაციით კუთხით პანდემიამდე ქვეყანა იყო საუკეთესო ევროპაში, ჩვენ ერთი წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 100% გვქონდა. წითელას ვაქცინა ორჯერად კეთდება წლისა და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით. 2019 წელს 97%-ს ჰქონდა ბავშვთა 5 წლის ასაკში გაკეთებული წითელას ვაქცინა. „88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს,“ - განაცხადა ჩხაიძემ. მან საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.
ივანე ჩხაიძე: საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა. მისივე თქმით, ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. „საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ივანე ჩხაიძე: სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა - მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის მანვე განმარტა, რომ სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. „სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის. გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავებაა ის, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. პიკი ნამდვილად გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.