თეგი: ლიბანი

ბეირუთი, კაირო და დამასკო მზად არიან, არაბული გაზსადენის ექსპლუატაცია აღადგინონ

ლიბანის, ეგვიპტის და ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ბეირუთში „არაბული გაზსადენის“ აღდგენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ბეირუთში ლიბანის ენერგეტიკის მინისტრის ვალიდა ფაიადას, სირიასა და ბეირუთში ელჩის მოადგილის ალი აბდულქერიმისა და ბეირუთში ეგვიპტის ელჩის იარს ალავის მონაწილეობით შედგა. ეგვიპტის გაზის მიწოდების შედეგად, ლიბანის მოქალაქეები ელექტროენერგიას დამატებით 4 საათი მიიღებენ. „არაბული გაზსადენის“ მშენებლობაზე $1,2 მილიარდი დაიხარჯა. მილსადენის სიგრძე 1 200 კილომეტრია, აქედან 90 კილომეტრი სირიის ტერიტორიაზეა. გაზის მიწოდება ამ პროექტის ფარგლებში 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს შეჩერდა. ამის მიზეზი სინაის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების პირობები და სირიაში ომი გახდა. ლიბანში, სადაც 2019 წლიდან ეკონომიკური კრიზისია, სახელმწიფო ელექტროენერგიის მიწოდებას მხოლოდ 4 საათით უზრუნველყოფს.  

ლიბანში პურის დეფიციტია

ლიბანში პურის შესაძენად ხალხი ხანგრძლივ რიგებში დგას. მსოფლიო ბანკი მე-19 საუკუნის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე უარეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. ამის შესახებ France24 წერს. თონეების უმეტესობა თითო მომხმარებელზე პურის გაყიდვას ზღუდავს. თონეები ფულადი სახსრების ნაკლებობის მქონე ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ საკმარისი სუბსიდირებული ფქვილი ვერ უზრუნველყვეს. ლიბანმა დააკავა სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა - უკრაინული მედია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლიბანში ომით განადგურებული სირიიდან მილიონზე მეტი ლტოლვილის ყოფნა ნაწილობრივ, ლიბანის ეკონომიკურ კოლაფსშია დამნაშავე.

Reuters-ი იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში სააგენტოს ოპერატორი მოკლეს

Reuters-ი იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში მისი ოპერატორი მოკლეს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ოპერატორი, ისამ აბდალა მოკლეს. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ვეძებთ დამატებით ინფორმაციას, ვმუშაობთ რეგიონის ხელისუფლებასთან და ისამის ოჯახისა და კოლეგების გვერდით ვდგავართ," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. განახლება: ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, რომელსაც ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ ჰკითხეს, მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარს იძიებენ. Reuters-ის ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი - მათ შორის, AFP-ის სააგენტოს ორი რეპორტიორი. 14 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში, "ჰეზბოლას“ ობიექტს დარტყმა მიაყენა, რაც ისრაელის არმიის თანახმად, პასუხი იყო ლიბანის სამხრეთიდან „ისრაელის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტების შეღწევასა“ და ისრაელის დრონისთვის ცეცხლის დაშენაზე, იტყობინება Reuters-ი. "ჰეზბოლა" ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც საფრთხეს წარმოადენს ისრაელისთვის "მეორე ფრონტის" გახსნის საშიშროების მხრივ. „ჰეზბოლას“ ისრაელი, აშშ და კანადა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.  

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.  

ლიბანის პრემიერი შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს

ლიბანის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს.  ნაჯიბ მიკატიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ლიბანს ომში ჩაბმა თავიდან აარიდოს. „მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ იმისთვის, რომ ლიბანი ომში არ ჩაებას. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ სიტუაციას რაციონალურად და გონივრულად მართავს და თამაშის წესები გარკვეული საზღვრებით არის შეზღუდული. ამავდროულად, მე არ შემიძლია, რომ ლიბანელები დავამშვიდო, რადგან სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება,“ - აღნიშნა ლიბანის პრემიერმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ჯოზეფ ბორელი ლიბანში: ღაზის სექტორი უნდა იყოს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი

ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ლიბანში იმყოფება, განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს უკავშირდება. ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ბუ ჰაბიბმა თავის მხრივ, დაადასტურა, რომ „ლიბანის მთავრობა ცდილობს შეამციროს ესკალაცია და გამოიჩინოს თავშეკავება. „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთხმად არის შეთანხმებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ღაზის სექტორი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს,“ - განაცხადა ბორელმა. Reuters-ის ცნობით, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ „აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება,“ - განაცხადა ბორელმა. დასავლეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურნე თურქეტში ვიზიტით დაიწყო. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს

ლიბანის ტრანსპორტის სამინისტრომ შაბათს გამოაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ყველა შემავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის დროებით დაიხურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურვა არის პრევენციული ღონისძიება და მოქმედებს ადგილობრივი დროით პირველი საათიდან კვირამდე, დილის 7 საათამდე. ეს გადაწყვეტილება ბეირუთის რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ნავიგაციის ოპერაციების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს. თავიანთი საჰაერო სივრცე ასევე დაკეტეს ერაყმა და იორდანიამ. საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა და ირანმაც. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

ლიბანში პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ მებრძოლები დაიღუპნენ, დაშავებულია ირანის ელჩი

17 სექტემბერს, სამხრეთ ლიბანში პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაშვებულთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ მედია პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჰეზბოლას“ ცნობით, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. ბეირუთში ირანის ელჩმა ზედაპირული დაზიანება მიიღო. იტყობინებიან ირანული მედიასაშუალებები. ამ ცნობას Reuters-ი ვერ ადასტურებს. ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა ზიად მაკარიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაგმო პეიჯერების აფეთქება, როგორც "ისრაელის აგრესია." „ჰეზბოლამ“ ასევე დაადანაშაულა ისრაელი პეიჯერების აფეთქებებში და განაცხადა, რომ ის მიიღებს "სამართლიან სასჯელს." ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს აფეთქებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. „ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა", რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან თითქმის ერთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში. ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან - გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ჩაერთნენ საზღვრისპირა ომში, რაც ბოლო წლების ყველაზე უარესი ესკალაციაა. „ჰეზბოლამ“ სულ მცირე სამი ადამიანის, მათ შორის - მისი ორი მებრძოლის დაღუპვა დაადასტურა. მათივე თქმით, მესამე დაღუპული, გოგო იყო და რომ აფეთქებების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფეთქებები შეაფასა, როგორც ისრაელის "საშიში და მიზანმიმართული ესკალაცია." ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალებმა განაცხადა, რომ უამრავი უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობა აფეთქდა ლიბანის მასშტაბით, განსაკუთრებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, რაც ჰეზბოლას დასაყრდენად მიიჩნევა. „პეიჯერები, რომლებიც აფეთქდა, ჰეზბოლას მიერ ბოლო თვეებში შემოტანილი უახლესი მოდელები იყო,“ განაცხადა უსაფრთხოების სამმა წყარომ Reuters-ის ცნობით. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად, 2750 ადამიანი დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია. „დაშავებულთა შორის ბევრი იყო ჰეზბოლას მებრძოლი, რომლებიც შეიარაღებული ჯგუფის უმაღლესი პირების შვილები არიან,“ განუცხადა Reuters-ს უსაფრთხოების ორმა წყარომ.  ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.  

ისრაელი აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის სამხედროთა განცხადებით, დარტყმების შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური, აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილე ნაბილ კაუკი. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად მოკლეს. „ჰეზბოლას“ შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. „ჰეზბოლა“ გასამხედროებული ჯგუფია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.