თეგი: ფრიდრიხ მერცი

მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დიდხანს გაგრძელდება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ვარაუდით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული დიდხანს გაგრძელდება, რადგან ომების უმეტესობა სამხედრო დამარცხებით ან ეკონომიკური კოლაფსით მთავრდება - ამ სცენარს ის ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის პროგნოზირებს. „მე შინაგანად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება,“ - განუცხადა მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ს. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია „უკრაინის კაპიტულაციის ფასად“ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში უბრალოდ ხვალ სხვა ქვეყანას დაესხმება თავს. ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. „ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა ტაქტიკა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ტრამპმა 21 აგვისტოს. ლაიენი: პუტინი არ შეიცვლება, ის მტაცებელია  

ბერლინის შეფასებით, პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა შემთხვევითი არ იყო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შემთხვევითი იყო. პისტორიუსმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული დრონები სავარაუდოდ, განზრახ გაუშვეს პოლონეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს გაცვლითი კურსის კორექტირების შეცდომაა.  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შეჭრა პროვოკაციად შეაფასა, როგორც მთელი NATO-ს წინააღმდეგ. „გერმანია მხარს უჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებას. ეს ასევე ეხება პოლონეთის მიერ მე-4 მუხლის შესაბამისად ინიცირებულ კონსულტაციების პროცესს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის შეფასებით, კრემლმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, NATO-ს პროვოცირება მიზანმინართულად მოახდინა. მერცის თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს. „რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის,“ - განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერი იზიარებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეფასებას, რომ დრონების შეჭრა წინასწარგანზრახული ქმედება იყო. „რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის,“ - აღნიშნა მერცმა. პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ვარშავა NATO-ელი პარტნიორებისგან თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიიღებს  

გერმანიის მთავრობამ პოლიციას დრონების ჩამოგდების უფლება მისცა

გერმანიის მთავრობის მიერ შეთანხმებული კანონის მიხედვით, პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს. ახალი კანონი, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ბოლო დროს დრონებით გამოწვეული შემთხვევები გერმანიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. „ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების დაფიქსირება და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს. ეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადავწყვიტეთ,“ - დაწერა ფრიდრიხ მერცმა X-ზე. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნება.   

ერდოღანი მერცს: გერმანია ვერ ხედავს ისრაელის „გენოციდს“ ღაზის სექტორში?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა  „ისრაელის ქმედებები“ ღაზის სექტორში და მოუწოდა გერმანიას, შეუერთდეს ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების მცდელობებს. ამის შესახებ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ ეთანხმება გერმანიის კანცლერის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებს და რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, თითქმის 60 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები.“ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ჰამასს“ „არც ბომბები აქვს და არც ბირთვული იარაღი, მაგრამ ისრაელს აქვს“ და რომ ისრაელმა ისინი გუშინ ღაზაზე თავდასხმისთვის გამოიყენა.“ „გერმანია, ვერ ხედავ ამას?“ იკითხა ერდოღანმა. მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ისრაელის გვერდით იდგა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ და რომ მისი აზრით, ისრაელი თავდაცვის უფლებას იყენებდა. „უამრავი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება იქნებოდა საჭირო. „ჰამასს“ უფრო ადრე უნდა გაეთავისუფლებინა მძევლები და იარაღი დაედო,“ - თქვა მერცმა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის შუამავლობით და თურქეთის მხარდაჭერით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებით, ომი დასრულდება. თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მან მერცს გადასცა ანკარის შეხედულებები ღაზას სექტორში განახლებული სისასტიკის თავიდან აცილების შესახებ და ხაზი გაუსვა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მხარდაჭერას, როგორც ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზას. „ისევე, როგორც ჩვენ გვსურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ისრაელის ომის დასრულებას ღაზის სექტორში.“ „თურქეთი და გერმანია ორი მთავარი ქვეყანაა, რომლებსაც შეუძლიათ ამის მისაღწევად ძალების გაერთიანება,“ - განაცხადა ერდოღანმა. მან ისრაელი გენოციდის განხორციელებაში კვლავ დაადანაშაულა. ისრაელი გენოციდის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგაა მიმართული და არა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ისრაელი აცხადებს, რომ ის ნაბიჯებს დგამს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმიზაციისთვის.  წელს გერმანიამ ისრაელში სამხედრო ექსპორტი შეაჩერა, ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების მოტივით. თუმცა თავი შეიკავა გენოციდის ბრალდებების მხარდაჭერისგან და აცხადებს, რომ ისრაელის კრიტიკა არ უნდა გახდეს ანტისემიტიზმის საბაბი. ერდოღანმა განაცხადა, რომ მას კვლავ სჯერა, რომ გერმანიას და თურქეთს შეუძლიათ თანამშრომლობა შიმშილის დასასრულებლად ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების უზრუნველყოფით.  მან ასევე აღნიშნა NATO-ს მოკავშირეების პოტენციალი, ყურადღება გაამახვილონ თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივ პროექტებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მერცმა განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორსა და მიგრაციის საკითხებში Reuters-ი წერს, რომ NATO-ს მოკავშირეებს შორის საჯარო დაპირისპირება, მერცის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, თურქეთში პირველი ვიზიტის დროს გამოიკვეთა.  ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა  

მერცი: გერმანიას სურს, თურქეთი ევროკავშირში იხილოს

გერმანია თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის შეფერხებული მცდელობის მიმართ და ხაზი გაუსვა დემოკრატიული სტანდარტების წინსვლის მნიშვნელობას. „პირადად მე და გერმანიის მთავრობა თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ევროპისკენ გზის გასწორება,“ - განაცხადა მერცმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თურქული მედიის ცნობით, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, ანკარა ევროკავშირში იხილოს. მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლი საგარეო პოლიტიკაში. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ყველა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხში, რომელიც გვაღელვებს,“ - განაცხადა მერცმა, რომელიც თურქეთს კანცლერის რანგში პირველად ეწვია. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დედაქალაქ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პირობა დადო, რომ გერმანია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში თურქეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.