თეგი: „დიდი შვიდეული“
ზელენსკი: პარტნიორებთან კოორდინაციით, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვიდეომიმართვაში, ახალი ნაბიჯები დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტმა ამავე მიმართვაში ისაუბრა სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრებზე, კერძოდ იტალიის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებებზე. „იაპონიაში “შვიდეულის” სამიტამდე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღეა. პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ პარტნიორებთან, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ. თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ლიდერს ვიყოლიებთ გვერდით უკრაინისთვის. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები, ფინანსები და ეკონომიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის გზავნილები G7-ის ლიდერებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დემოკრატიის მკაფიო გლობალური ლიდერობაა საჭირო. იაპონიაში, სამდღიან სამიტზე გამოსვლისას, ზელენსკიმ ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობამ სხვა ქვეყნებს აჩვენა, თუ როგორი იქნება პასუხი, თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს მეორე ქვეყანაში შეჭრას. „და რაც უფრო მეტს ვითანამშრომლებთ თქვენთან, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მსოფლიოში ვინმე სხვა რუსეთის გიჟურ გზას გაჰყვეს", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ახლა მიდის რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირებისკენ იმ ფონზე, რომ უფრო მეტი დასავლელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, მოამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე. „როცა ჩვენი პილოტები გაიცნობენ F-16-ს და როცა ეს მებრძოლები ჩვენს ცაზე გამოჩნდებიან, ეს მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის. ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურისთვის“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ჰიროსიმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ჰიროსიმაში, ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჯო ბაიდენთან გამართა მოლაპარაკებები. გადაწყდა, რომ კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კი, გაძლიერდება.
სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა
ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, მაგრამ სხვა წამყვანი ეკონომიკები არ უნდა შეეცადონ მისგან სრულად გამოყოფას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კვირას, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტის შემდეგ. „ჩინეთი ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ისინი სულ უფრო ავტორიტარულები არიან ქვეყნის შიგნით და შეუპოვარნი - საზღვარგარეთ", - განუცხადა სუნაკმა ჟურნალისტებს G7 სამიტის შემდეგ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში. სუნაკმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქბეყნები გამოიყენებენ საერთო მიდგომას ჩინეთის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ. „დიდ შვიდეულთან ერთად ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ჩინეთმა არ გამოიყენოს ეკონომიკური იძულების პოლიტიკა სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩარევისთვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ოფიციალურად შეთანხმდნენ, დეკლარაცია დამტკიცდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.
რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ვილნიუსში NATO-უკრაინის საბჭოს ისტორიული შეხვედრა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ უკრაინისათვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ცნობით. „დიდი შვიდეულის" მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი უწოდა. „ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ, ალიანსში გაწევრიანების პარალელურად“, - აღნიშნა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კონკრეტულად კი, დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისტორიული უწოდა NATO-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის - NATO-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას. „საბჭო შეიკრიბება უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე და მისი მუშაობის ბლოკირებას ალიანსის ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უნგრეთის მიერ წარსულში უკრაინა-NATO-ს კომისიის მოწვევის ბლოკირება.
მედიის ცნობით, ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება
ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართული შეხვედროს დროს გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ამის შესახებ მედია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. როგორც აღინიშნა, ბულგარეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, „რომელიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდება, ასევე პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.“ „ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაციას სულ 15 ქვეყანა შეუერთდა. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
ესტონეთი და ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა უკრაინის მხარდასაჭერად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - დაწერა კალასმა Twitter-ზე. ლატვიის შემდგ, ესტონეთი და ლიეტვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდნენ. განცხადების ავტორებს „მტკიცედ სჯერათ, რომ მხოლოდ NATO-ს წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად.“ 9 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ლატვია უკრაინის უსაფრთხოების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ცნობისთვის, ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 16 აგვისტოს გამართული შეხვედროს დროს ასევე გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებები. ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრას გამართავენ
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ. თეთრი სახლის ცნობით, ვირტუალურ შეხვედრას იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა გაუძღვება და უკრაინის პრეზიდენტი პირველ ნაწილს შეუერთდება. უკრაინის საკითხის გარდა, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ისაუბრებენ. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.
G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა
დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბრილიანტების იმპორტზე იანვრიდან პირდაპირი აკრძალვა დააწესონ, რათა მოსკოვის შემოსავლები მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე შეაჩერონ. ზომების გასაძლიერებლად, G7-ის ის წევრები, რომლებიც უხეში ალმასის ძირითადი იმპორტიორები არიან, პირობას დებენ, რომ შიდა ვაჭრობის მონიტორინგის გადამოწმების მექანიზმს მომავალი სექტემბრისთვის შეიმუშავებენ. G7-ის ქვეყნები, მათ შორის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ალმასის მსოფლიო ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. რუსული ბრილიანტის გაყიდვის აკრძალვას ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს რუსული ალმასით ვაჭრობის სრულ სპექტრს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ევროკომისიამ რუსული ბრილიანტის აკრძალვა დაამტკიცა - AFP
FT: "დიდი შვიდეული" რუსეთის 300 მილიარდამდე დოლარის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს უახლოვდება
Finacial Times-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" (G7) წევრმა ქვეყნებმა გაააქტიურეს ძალისხმევა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის და სხვა წყაროების კუთვნილი 300 მილიარდამდე დოლარის ოდენობის, უცხოეთში განთავსებული ქონების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის პროცესს წინაღობები ხვდება. ოფიციალური პირების თქმით, ეს ქონება უკრაინის თავდაცვის და საბოლოო რეკონსტრუქციის დაფინანსებას შესაძლებელს გახდიდა. "'დიდი შვიდეულის“ წევრებს და შესაბამის პოზიციაში მყოფ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, გაყინონ რუსეთის სუვერენული ქონება, როგორც წინააღმდეგობის ზომა, რომელიც რუსეთს დაარწმუნებს, დაასრულოს თავისი აგრესია", - აშშ-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო დოკუმენტის ეს ციტატა FT-ის სტატიაში გვხვდება. „ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ მოკლე ვადაა გადაწყვეტილების მისაღებად. მათ ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება, “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრაზე იყოს განხილული,” - წერს FT. G7 დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიასა და აშშ-ს აერთიანებს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ
დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი
„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებმა და 30-ზე მეტმა სხვა ქვეყანამ უკრაინის რეკონსტრუქციაში დახმარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ეს ქვეყნებია ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. დეკლარაციის ხელმომწერთა მიერ დაპირებული დახმარება მიმართული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მშენებლობაზე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერასა და პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაზე. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივები ასეთად დარჩება, ვიდრე რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მომავალში უკრაინაზე გაცემული სესხები რუსეთის გაყინული თანხების ხარჯზე დაიფარება. გარდა ამისა, დაგეგმილია კერძო სახსრების მოზიდვა ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინასა და მის ხალხს სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დღესაც და მომავალშიც," - ნათქვამია დეკლარაციაში. 13 ივნისს, "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტამდე, ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან. „დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, იაპონიასა და კანადას.