თეგი: „ტრამპის მარშრუტი“

ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტერმინ ზანგეზურის დერეფნის გამოყენების“ გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთანაც ვაშინგტონის დეკლარაცია შეთანხმდა, არაერთხელ ახსენა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან. ეს გამონათქვამი კი, როგორც სომხეთის პრემიერი მიუთითებს, არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება, მათ შორის, არც ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტებში.  „ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან. 8 აგვისტოს დოკუმენტებში ჩვენ შევთანხმდით მკაფიო შინაარსსა და ნარატივზე და შეუძლებელია ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანა რაიმე ფორმით - ჩემ მიერ ნახსენები ნარატივებით და/ან ამ ტრიბუნიდან გამოთქმული სხვა ნარატივებით. ასეთი ნარატივები არ ზრდის ხალხის რწმენას მშვიდობის მიმართ; ისინი არც მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან მომდინარეობს.  სხვადასხვა ტრიბუნიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, ასეთი უზარმაზარი დადებითი შინაარსის არსებობისას, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწა, რატომ უნდა შემოვიტანოთ აგრესიული ქვეტექსტები, რომლებიც ობიექტურ რეალობასთან არ არის დაკავშირებული. ნუთუ მშვიდობა საკმარისი სიხარული არ მოაქვს? მაგალითად, ჩემთვის მოაქვს. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება - ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დღეს საკუთარ მომავალს აშენებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არ ავრცელებს სიძულვილს მეზობლების ან ვინმეს მიმართ. მინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს მიღწეული შეთანხმებებიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული ტერმინის გამოყენება გამაღიზიანებელია, იწვევს უარყოფით გავლენას და ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიღწეული და გამოცხადებული შეთანხმებების მიუხედავად. „მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაგვახვევინებს შეთანხმებების შესრულების პრაქტიკიდან, ერთი მილიმეტრითაც კი. ამრიგად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამოცხადებული TRIPP-ის [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის] “მარშრუტის პროექტის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის რკინიგზა, ავტომაგისტრალი, მილსადენები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. ამ შეთანხმების შედეგად, ჩრდილოეთი ასევე დაუკავშირდება სამხრეთს. მხოლოდ გეოგრაფიული ჩამოთვლაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ზუსტი ასახვა, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც ამ ტრიბუნიდან მქონდა. TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის პროექტი წარმოიქმნება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამიდან, რომლის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ მემორანდუმს ხელი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მოვაწერეთ. საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნა სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის მოხდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს შეთანხმებები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკისთვის, დანერგოს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, არამხოლოდ TRIPP-ის მარშრუტზე, არამედ, სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც, რომლებიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანია TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის: ეს ნიშნავს არსებული რკინიგზის, მაგისტრალების გახსნას, მილსადენების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების და კაბელების განვითარების პერსპექტივას. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის უპრეცედენტო პოზიტიური დიალოგი დამყარდა. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩემი შეხვედრები რეგულარულია, ნდობის მუდმივად მზარდი დონის ფონზე. ეს არის მიღწევა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ეს დადებით შედეგებს, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრის სრულად გახსნას მოიტანს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

ფაშინიანმა არ გამორიცხა „ტრამპის მარშრუტით“ შეიარაღების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აზერბაიჯანთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა, რომ სიუნიქის გზის [რომელსაც „ტრამპის გზა“ ეწოდება] ამოქმედების შემდეგ, აზერბაიჯანი იარაღისა და ჯარების ნახიჩევანში გადაადგილებას შეძლებს. ნიკოლ ფაშინიანმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, გზების ფუნქციონირების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპს დაეფუძნება. „თუ სომხეთზე რაიმე პირობა ვრცელდება, ეს პირობა აზერბაიჯანზეც ვრცელდება. „ჩვენ თვითონ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა იარაღმა და ჯარმა ნახიჩევანის გავლით გაიაროს? გვინდა თუ არა ეს? რადგან ჩვენს რეალობაში პრობლემაა: ჩვენ გამუდმებით სხვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობთ. თუ გადავწყვეტთ, რომ გვსურს იარაღის გადატანა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მეღრში და უკან, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებზე. თუ გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა იარაღის ნახიჩევანის ტერიტორიიდან სიუნიუქის მიმართულებით რკინიგზით და უკან გადატანა, მაშინ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს ხუთი პრინციპის - სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

ევროკავშირი TRIPP-ში ჩართვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან TRIPP-ში ევროკავშირის მონაწილეობის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. „ეს არის 42-კილომეტრიანი რკინიგზა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეხებოდეს არამხოლოდ ამ 42-კილომეტრიან მონაკვეთს, არამედ, ყველაფერს, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს და ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა კოსმა. კოსმა აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს სომხეთისთვის პრიორიტეტების სია ამ ყოვლისმომცველი კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები. ამ საკითხებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენთვის აზრი არ აქვს ამის ნაწილ-ნაწილ გაკეთებას. თუმცა ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ან მონაწილეობა ასევე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 42-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა,“ - განაცხადა მარტა კოსმა. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს  

სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა

სომხეთის საგარეო უწყება განმარტავს, როდის დაიწყება „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობა.  „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის (TRIPP) პრაქტიკული ფაზა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, რკინიგზა და გზები, ნავთობისა და გაზის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზები. „სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP კომპანია დარეგისტრირდება სომხეთში და მიიღებს უფლებას, განავითაროს საჭირო ინფრასტრუქტურა რკინიგზის, გზის, ნავთობისა და [ბუნებრივი] გაზის მილსადენებისთვის, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისთვის,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ერევანი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელებას სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“  

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს - NATO-ს ხედვა

NATO-ს შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს „შუა დერეფანს“, ე.წ. „ტრამპის მარშრუტს“ და სხვა რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს? „რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობის დღის წესრიგისა და სტრატეგიული კავშირების აქტუალური საკითხები“ განიხილა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში.  NATO-ს მაღალჩინოსნის თქმით, სამხრეთ კავკასიას, უდავოდ, აქვს პოტენციალი, გახდეს ადამიანების, საქონლისა და მომსახურების გადაადგილების მთავარი სატრანსპორტო ცენტრი, თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება მოითხოვს თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ნამდვილ ინტერმოდალობას, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან გადაზიდვებს მრავალ ეტაპზე, ქვეყანაში და მრავალფეროვან გეოგრაფიულ პირობებში. „ვაშინგტონში 8 აგვისტოს შეთანხმება და მისი შემდგომი მოვლენები, მათ შორის, რეგიონული კავშირის ქსელის შექმნა, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აკავშირებს და უფრო ფართოდ აკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან, აშკარად ქმნის ასეთ შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ეს ინიციატივები, მათი დანიშნულების მიუხედავად, ნამდვილად ემსახურებოდეს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს. მათ უნდა მისცენ ყველა რეგიონულ მოთამაშეს საშუალება, სრულად გააცნობიერონ თავიანთი ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ამავდროულად, ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს პრინციპები TRIPP-ის ბირთვს წარმოადგენს, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახსნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სასარგებლოდ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩვენს საერთო სამეზობლოში და, უფრო ფართოდ, მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში,“ - აღნიშნავს ვინიკოვი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთიც და ირანიც სამხრეთ კავკასიას თავიანთი სტრატეგიული გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევენ, როგორ აბალანსებს NATO თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ამ რეგიონული დაძაბულობის ფონზე? ამ შეკითხვის საპასუხოდ, NATO-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ალიანსის თანამშრომლობა რეგიონის სამივე ქვეყანასთან ეფუძნება მოთხოვნაზე ორიენტირებულ პრინციპს: „ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ (და როგორც ამას ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ). ჩვენ არ ვახვევთ თავს საკუთარ დღის წესრიგს და არც ვაიძულებთ თანამშრომლობას რაიმე საშუალებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის თხოვნებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ სფეროებში, რომლებიც ემსახურება ჩვენი პარტნიორების საჭიროებებს და სადაც NATO-ს შეუძლია დამატებითი ღირებულების უზრუნველყოფა.“  ამავე ინტერვიუში ვინიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ NATO მიესალმა ნორმალიზაციის პროცესში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. „ეს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გასაღებია. ჩვენ არ ვართ ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ყოველთვის ვაფასებდით და ვუჭერდით მხარს ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვაშინგტონში 8 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებას მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნევთ მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და რეგიონში კავშირის განბლოკვის გზაზე. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას რეგიონის ცალკეულ ქვეყნებსა და NATO-ს შორის,“ - განაცხადა ვინიკოვმა.