„თალიბანის მიმდინარე სამხედრო შეტევა პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოცხადებულ ვალდებულებას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისა და დოჰას სამშვიდობო პროცესის მიმართ. ევროკავშირი გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა (IHL) და ადამიანის უფლებების მზარდ დარღვევებს, განსაკუთრებით "თალიბანის" მიერ კონტროლირებად რაიონებსა და ქალაქებში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირი ევროკავშირი "თალიბანს" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიმდინარე ძალადობა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.
"ევროკავშირი "თალიბანს" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს არსებითი, რეგულარული და სტრუქტურირებული მოლაპარაკებები და ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიმდინარე ძალადობა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს თავდასხმები ავღანეთის მოქალაქეების ტანჯვას იწვევს, რაც მიუღებელია და ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების რიცხვის ზრდას",- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირი ავღანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მოაგვაროს პოლიტიკური უთანხმოებები, გაზარდოს ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლობა.
"ევროკავშირი მიზნად ისახავს, გააგრძელოს ავღანელი ხალხის პარტნიორობა და მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირის მხარდაჭერა მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირებით და ყველა ავღანელის, მათ შორის ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით იქნება განპირობებული.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ "თალიბანი" ძალისმიერ გზით თუ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში და ისლამური საამირო აღდგება, "თალიბანს" ემუქრება არაღიარება, იზოლაცია, საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობა. ავღანეთს კი მოელის კონფლიქტის გახანგრძლივების პერსპექტივა და გაჭიანურებული არასტაბილურობა", - ნათქვამი ბორელის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ავღანეთში მოძრაობა "თალიბანმა" დაიკავა 11 პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის ყანდაარი და ჰერათი.
ამავე თემაზე:
აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას
ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
მედია: „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა
მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა