საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 2021 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა.
ირაკლი ერაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესების არ აშენება, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ბოლო რამოდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ვიღებთ მილოცვებს ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, „ენკას“ პროექტიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რეალურად რას გვილოცავენ: ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უცხო ქვეყნების იმედზე დატოვებას, მზარდი ელექტრომოხმარების პირობებში თბოსადგურებისთვის მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვას, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციალის მინიმუმ განახევრებას, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციის საბოლოოდ განადგურებას, მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ენერგომატარებლების შესაძენად, ბევრად მეტი თანხის გადახდას, საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას,შესაბამისად ლარის სავალუტო კურსის გაუარესებას და კიდევ ბევრ ცუდ ამბავს.
მისალოცად კი ნამდვილად აქვს საქმე რუსეთს. მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ჩავთვალოთ, რომ რუსი ჯარისკაცი დავსვით იმ ე.წ „რუბილნიკთან“, რომლის ჩართვა-გამორთვაზეა იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ძალიან ახლო მომავალში. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ „პატრიოტული“ მილოცვების მიღებისას მადლობა შიშნარევი, დაბალი ხმით გადავიხადოთ", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ.
ფინანსისტის ცნობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა და 2017 წლიდან მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო.
როგორც Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან.
„მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ.
ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე.
მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვთ. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. რესურსის ნახევარი ამ ორ მდინარეზე მოდის. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი, რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა.
ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს BPN-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები ნამახვანჰესის არსებული პროექტით აშენებას აპროტესტებენ. პროექტის შეჩერების მოთხოვნით არაერთი მასშტაბური აქცია მოეწყო. რიგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ჰესის ასაშენებლად სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სახელმწიფომ ახალი ექპერტიზა დანიშნა და უცხოეთიდან საექსპერტო კომპანიები მოიწვია.
"ენკას" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე.
ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!
თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე