NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის

NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის. სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოკავშირეები უკრაინას მეტი შეიარაღებით დაეხმარებიან.

„ჩვენ ვხედავთ რიტორიკას, მესიჯებს, რომლებიც მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანია კიევში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შეცვლა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს პირველად გამოიყენებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან.

„ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს ათასობით დამატებითი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ სრულ მზადყოფნაში გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი“.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.


საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.