აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.
„ვაცხადებ დამატებით სანქციებს რუსული ელიტის, საკანონმდებლო ორგანოს 400-ზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის კომპანიებზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ტკივილი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სანქციები შეეხება Sberbank-ის ხელმძღვანელს და ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ჰერმან გრეფს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს, მის კომპანიებსა და ოჯახის წევრებს, ასევე რუსული ფინანსური ინსტიტუტის, Sovcombank-ის გამგეობის 17 წევრს.
თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის კომპანიებს შორისაა რუსული ვერტმფრენები, ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია, მაღალი სიზუსტის სისტემები, NPK Tekhmash OAO და Kronshtadt.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის