უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის, როდის მოიხსნება ბლოკადა ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ უკრაინა მზადაა, გაცვლის ნებისმიერი ფორმატისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევშიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მარიუპოლში ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, იქ არ შეგვიძლია, რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა. [...] ამიტომ, არ ვიცი, როდის შევძლებთ მარიუპოლში ბლოკადის მოხსნას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ალყაში მოქცეულ ქალაქში ბლოკადის მოხსნის ორი გზა არსებობს.
„პირველი არის სერიოზული მძიმე შეიარაღებით დახმარება, რომლის იმედიც გვაქვს. ჯერჯერობით ეს აღჭურვილობა არ გვაქვს საკმარისი. მეორე გზა არის დიპლომატიური. რუსეთი ამას ჯერჯერობით არ ეთანხმება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა გაცვლის სხვადასხვა ფორმატისთვის.
„მათ [რუსმა დამპყრობლებმა] ცხედრებიც მიმოფანტული დატოვეს და დაჭრილები. ჩვენ მზად ვართ გაცვლის ნებისმიერი ფორმატისთვის ჩვენი ხალხის, სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მარიუპოლში დარჩენილ ყველა უკრაინელ სამხედროს გამარჯვება სურს და იარაღის დაყრას არავინ აპირებს.
მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი
მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს.
მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ
- ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
- მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
- მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
- ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
- როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
- უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს