ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ამცირებს

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს, ამის შესახებ ელექტროქსელების ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა.

გატარების სიმძლავრე 24 აპრილიდან 1300-დან 900 მეგავატამდე შემცირდება. ოპერატორი რუსული ელექტროენერგიის შემცირების მიზეზად, რისკებსა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.

ამასთან, რუსული ელექტროენერგიის მიწოდებას ფინეთი სრულად შეზღუდავს ატომური ელექტროსადგურის ტესტირებისას. ფინეთიდან რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ძველ ნიშნულზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გადასასვლელი გადაკეტა.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ