უკრაინაში, ქალაქ სტარი-კრიმთან ახლოს, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„ეს არის მესამე მასობრივი სამარხი მარიუპოლის მახლობლად", - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.
მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ
- ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
- მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
- მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
- ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
- როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს