უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

 „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან შაბათს საღამოს, 30 აპრილს, 20 ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადაყვანილნი იქნებიან ზაპორიჟჟიაში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა.

„მთელი ღამე მტრის არტილერია ბომბავდა ადგილს", - აღნიშნა პალამარმა.

მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. უკრაინა ქარხანაში მყოფი ყველა კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადაყვანას მოითხოვს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.