ნენსი პელოსი: ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა გზავნილით, რომ ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრებმა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გაავრცელეს.

  • „ჩვენი დელეგაცია გაემგზავრა კიევში, რათა გაუგზავნოს ხმამაღალი გზავნილი მთელ მსოფლიოს: ამერიკა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან დაიწყო იმით, რომ მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც ჩვენ გადავეცით. მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მკაფიო აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანია პუტინის სასტიკი შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ჩვენმა დელეგაციამ სიამაყით აცნობა უკრაინას, რომ ამერიკის დამატებითი დახმარება გზაშია. ჩვენ ვმუშაობათ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ მოთხოვნილი დაფინანსების საკანონმდებლო პაკეტად გარდაქმნაზე. მზად ვართ, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რადგან ისინი იცავენ დემოკრატიას თავისი ერისთვის და მსოფლიოსთვის“, - აღნიშულია განცხადებაში.

ეს კონგრესის პირველი ოფიციალური დელეგაციაა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ ეწვია. დელეგაციაში არიან: ჯიმ მაკგოვერნი, გრეგორი მიქსი, თავმჯდომარე ადამ შიფი, ბარბარა ლი,  ბილ კიტინგი და ჯეისონ ქროუ, ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთსა და ვარშავაში განაგრძობენ ვიზიტს. დელეგაცია პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას შეხვდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინაშია. ნენსი პელოსი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა. ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 24 აპრილს ეწვივნენ უკრაინას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.