რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემა გააუქმა. პუტინმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ნორვეგიის დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და შვეიცარიის მოქალაქეებს შეეხებათ.
მანამდე პუტინმა შეაჩერა ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეეძლოთ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა როგორც რუსეთს, ასევე, პირადად პუტინს და მის გარემოცვას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.