გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა - The Guardian

გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირი რუსულ ნავთობზე სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ კვირას გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება. 

კერძოდ, რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა.


წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.