"ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის დროს.
„ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
- ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს
- ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს