კიევის ოლქის პოლიციის უფროსი: რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

„სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.