ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების პაკეტის დეტალებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, ასევე უნდა აგონ პასუხი.
„რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო გადახდების სისტემიდან გათიშვა უნდა მოხდეს. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ, უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ეს ქვეყანა ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.
ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.