რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„რაც შეეხება რუსულ ნავთობზე ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განუცხადეს Reuters-ს ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტროს თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობის გადამუშავება დაუყოვნებლივ შეუძლებელია, ტექნოლოგიის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რთულია და დიდ დროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.
სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა იარაღი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა სამხედრო დახმარება. პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი ასევე იყო იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბოლო კვირებში კიევს ეწვივნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.