მარიუპოლში რუსული ძალები ემზადებიან აღლუმისთვის და ტერიტორიას ნამსხვრევებისგან ასუფთავებენ - თეატრთან, რომელიც ასობით მშვიდობიანი მოსახლის თავშესაფარი იყო, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც ამ საკითხში კრემლის ახალი ზედამხედველი გახდა, მარიუპოლში ჩავიდა, რათა რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქალაქში, 9 მაისს, ზეიმი მოამზადოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ოკუპანტები უარს ამბობენ ოკუპირებულ დონეცკში იმიტირებულ სამხედრო აღლუმზე, ამიტომ, ORDLO-ში ამ საკითხებზე ამჟამად მზადება არ მიმდინარეობს.
„მარიუპოლი, რუშისტების გეგმების მიხედვით, უნდა გახდეს „ზეიმის“ ცენტრი. ამ მიზნით, სასწრაფოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები ნანგრევებისგან, გვამებისგან“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.
მისივე ცნობით, პარალელურად გრძელდება ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც რუსებს ოკუპანტების ნახვით გამოწვეულ „სიხარულს“ უჩვენებს.
„რუშისტი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი და დონეცკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დენის პუშილინი მარიუპოლში მასალების მოსამზადებლად იმყოფებოდნენ“, - იუწყება უკრინული დაზვერვა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.