ბრიტანული კომპანიები სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციიდან მომხმარებლებს საკონსულტაციო, პიარისა და აუდიტის მომსახურებაზე უარს ეტყვიან. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთი დიდწილადაა დამოკიდებული დასავლური კომპანიების ამ სერვისებზე წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქტების ექსპორტში. ახალი ზომებით, პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა უფრო გაძლიერდება“, - აცხადებენ ბრიტანეთში. ასევე ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში მოექცა 63 ფიზიკური და იურიდიული პირი და რამდენიმე მედია ორგანიზაცია. მათი აქტივები გაიყინება და ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ბრიტანეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც კრემლის ძირითადი საინფორმაციო წყაროები RT (რაშა თუდეი) და Sputnik-ი დაიბლოკება. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი კომპანიები ბრიტანეთში მათ კონტენტს მედიასა და სოციალურ ქსელებში დაბლოკავენ.
აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს.
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ