შვიდი ქვეყანა უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. იმავდროულად, უკრაინას ასევე სურს, მათ შორის იხილოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა.
„თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორია და პოლიტიკა აქვს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვსურს, ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ამ ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, გვაქვს“, - განუცხადა იერმაკმა მედიას.
მისი თქმით, ბევრი სტრატეგიული პარტნიორი უკვე დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა.
„ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. მაგრამ ეს იქნება სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია“, - აღნიშნა იერმაკმა.
6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.