რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომის მეორე ეტაპზე ბევრი რამ დადო სასწორზე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინის ეს აზროვნება აქცევს შეტევის მეორე ფაზას სულ მცირე სარისკოს და შესაძლოა, უფრო სარისკოსაც კი, ვიდრე ომის პირველ ეტაპს.
„მას არ სჯერა, რომ წაგების უფლება აქვს. ვფიქრობ, ის ახლა დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული ძალების გაორმაგება მაინც მისცემს პროგრესის მიღწევის საშუალებას“, - განაცხადა ბერნსმა პუტინის შესახებ ვაშინგტონში Financial Times-ის ღონისძიების დროს.
ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ბირთვულ ომში გადაყვანის რისკი სათანადოდ უნდა შეფასდეს მეორე ფაზაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვა ამ ეტაპზე ვერ ხედავს „პრაქტიკულ მტკიცებულებებს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების დაგეგმვის შესახებ“.
„ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელძღვანელობის კომენტარები - არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ასეთი რისკები (ბირთვული ომის) კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია და ის უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ბერნსმა.
ბერნსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის კონფლიქტმა უკრაინაში გავლენა მოახდინა ჩინეთის გათვლებზე, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ „როგორ და როდის“ აპირებს ტაივანზე კონტროლის მცდელობას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.