შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია. შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უკვე შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის საკითხსა და ამ მიმართულებით კოორდინაციაზე, რათა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხი გადაიჭრას.

  • „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე მეორე ვიზიტია. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს, როდესაც ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის დღეს, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის - მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია დენის შმიგალის Twitter პოსტში.


  • „ოდესის პორტში ყოფნის დროს, დენის შმიგალთან ერთად, მე ვნახე ექსპორტისთვის გამზადებული მარცვლეულით, ხორბლით და სიმინდით სავსე სილოსი (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად). ეს უაღრესად საჭირო საკვები აუთვისებელია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. იწვევს დრამატულ შედეგებს მოწყვლადი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პასუხი“, - წერს თავის მხრივ შარლ მიშელი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინესნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.