უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ევროკომისიის პრეზიდენტს ვიდეოკონფერენციის დროს წარუდგინა. ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის უკრაინისთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე.

თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმაამ თემაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„დღეს უკრაინა, ისევე როგორც მთელი ევროპა, განიცდის ერთ-ერთ ურთულეს განსაცდელს მის ისტორიაში. უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება როგორც ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, ასევე, პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობებზე“, - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.