ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პირადად განიხილავს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანი ავრცელებს.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთში მიემგზავრება, რათა პრემიერ-მინისტრ ორბანს შეხვდეს. ისინი განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგორესურსების მიწოდების ევროპულ უსაფრთხოებასთან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმიდვანი.

როგორც ცნობილია, უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

ევროკავშირი უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.


Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა.


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ასევე წაიკითხეთ