ნედ პრაისი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება

NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: