ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება.

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილების გამოყვანას. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ ისინი 12 მაისს შეხვდნენ რუსეთის მხარეს. ასევე გაეროს წარმომადგენლებთან მოვილაპარაკეთ და მათ მანდატი გადავეცით. ჩვენი სურვილია ხელი მოეწეროს დოკუმენტს, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

ამასთან ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, შუამავალია თურქეთი. მისი თქმით, სპეცოპერაციას ექნება რამდენიმე ეტაპი, მათ შორის პირველია მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია.

10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ამავე თემაზე