უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და პოლონეთში ვიზიტი დააანონსა

უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შაბათს ინაუგურაციის ცერემონიაზე დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი პოლონეთში შედგება.

მეზობელ უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე უნგრეთის უარი და მისი წინააღმდეგობა ევროკავშირის დაგეგმილ ნავთობემბარგოზე, ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის ურთიერთობებს ართულებს.

ნოვაკი, რომელიც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეა, პრეზიდენტად მარტში აირჩიეს.

„სამშაბათს, 17 მაისს, მე მივემგზავრები ვარშავაში, რათა შევხვდე პოლონეთის პრეზიდენტს. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჯეი, მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ ისე, როგორც მეგობრებს შეეფერება“, - განაცხადა ნოვაკმა ინაუგურაციაზე. 

„ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის აღდგენას", - აღნიშნა ნოვაკმა.

Reuters-ი წერს, რომ ვიქტორ ორბანმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაგრამ თავი აარიდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკას, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ენერგეტიკის სფეროში, რუსეთის მიმართ სანქციებს.

რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, ემბარგოს შესახებ შეთანხმებას ყველაზე დიდ დაბრკოლებას უქმნის. ეს ზომა ევროკომისიამ ევროკავშირს მაისის დასაწყისში შესთავაზა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.