ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი უკრაინაში ომის გამო, რუსეთის გარდა ბელორუსის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. მაიკ კარპენტერი აღნიშნავს, რომ აშშ-ს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა.
„ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები.
მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, ბელორუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა.
ბელორუსმა ასევე განათავსა საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ნაწილები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, საწვრთნელ პოლიგონებზე, იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
„საზღვრის მახლობლად ბელორუსის ძალების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინულ ჯარებს შეზღუდავს, ამიტომ, ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ დღემდე, ბელორუსის ძალები უშუალოდ არ იყვნენ ჩართული კონფლიქტში“, - აღნიშნულია დაზვერვის ცნობებში.