რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ სამხედრო ბაზებს NATO-ს გაფართოების საპასუხოდ შექმნის. „წლის ბოლოსთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილი და დივიზია შეიქმნება”, - განაცხადა შოიგუმ.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიურმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადი ერთობლივად გადასცეს. ლიდერებს იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.