რუსეთი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და აშშ-ს 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

Reuters-ის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს 963 მოქალაქეს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსეთის ფედერაციაში შესვლა ასევე ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს. რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება საჯარო მას შემდეგ გახადა, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფაზე კანონს მოაწერა ხელი.

14 აპრილს, რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრს საპასუხო სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი „შავ სიაში“ უკრაინაში შეჭრის გამო შეიყვანა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.