პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დუდამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ შემაშფოთებელი ხმები დადიოდა, თითქოს, უკრაინა პუტინის წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს, თუმცა დუდამ აღნიშნა, რომ ამ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ, რადგან უკრაინის ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობა დარტყმა იქნება მთელი დასავლეთისთვის.
„მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას მარტში, ონლინ რეჟიმში მიმართა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.