დმიტრო კულება: მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება

"რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების“, – წერს დმიტრო კულება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: