- მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გამოვიდა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც გემებს უკრაინიდან უსაფრთხო მარშრუტის საშუალებას მისცემს, თუ სანქციები მოიხსნება.
აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის პორტებში ფაქტობრივად, ყველა საზღვაო ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს.
WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთზე ხარჯების გაზრდის გამო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.
19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით.
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.