ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Crimea SOS-ის ანალიტიკოსი, ევჰენ იაროშენკო ამბობს, რომ კრემლის პოლიტიკა „პასპორტიზაციის“ შესახებ შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს მოსკოვის დღის წესრიგს, რომელიც უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაში წვევამდელების ჩართვას გულისხმობს.
„რუსული პასპორტის აღებიდან მალევე, რუსეთის ფედერაციამ შეიძლება, გამოიძახოს ასეთი პირი სამხედრო სამსახურში და შემდგომში ჩართოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში“, - განაცხადა იაროშენკომ. მისივე შეფასებით, ამგვარად, დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მძევლები ხდებიან.
უკრაინის მთავრობამ დაგმო კრემლის ნაბიჯი, დააჩქაროს რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინელებისთვის ორ რეგიონში, სადაც რუსული ჯარები შეიჭრნენ. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევა.
- როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ
- მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში
ოთხშაბათს, პუტინმა ხერსონისა და ზაპორიჟიეს ტერიტორიის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების მიღების პროცესის გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. „განკარგულება იურიდიულად ძალადაკარგულია და არ ექნება სამართლებრივი შედეგები“, - აცხადებს უკრაინის დიპლომატიური მისია ევროკავშირში. ხერსონისა და ზაპორიჟიეს კონტროლი რუსეთს ყირიმზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს - უკრაინის ტერიტორიის, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.