უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი რინატ ახმეტოვი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, ომით მიყენებული ზარალის გამო.
უკრაინული მედიის ცნობით, როგორც „აზოვსატლის“ მფლობელი აცხადებს, რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრისთვის მისი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს.
ომამდე არსებული მდგომარეობით, რინატ ახმეტოვის საკუთრებაში არსებული სამრეწველო აქტივების ღირებულება $20 მილიარდს აჭარბებდა. ახმეტოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, აქტივები, (Azovstal-ის ფოლადის ქარხანა, Illich Steel-ისა და Iron Works, Avdiivka Coke Plant, Luhansk Thermal Power Plant), და ათობით სხვა სამრეწველო ინფრასტრუქტურა და მწვანე ენერგიის ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ომამდე მარიუპოლის ორი საწარმოს - Azovstal-ისა და Illich Steel-Iron Works-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით $10 მილიარდი იყო.
ახმეტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გაანადგურა $1 მილიარდის ღირებულების ნედლეული. მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა რუსული სამხედრო ინტერვენციის დროს მთავარი სამიზნე იყო.
„საბოლოო თანხა დადგინდება რუსეთის მიმართ საჩივრის განცხადებაში“, - განაცხადა ახმეტოვმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.