მედია: ჯონსონი ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, Corriere Della Sera-მ დაწერა.

ამ ალიანსში უკრაინისა და ბრიტანეთის გარდა, გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და მოგვიანებით თურქეთს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ჯონსონმა ზელენსკის ეს იდეა 9 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას გაუზიარა. „ალიანსი დააკავშირებს იმ ქვეყნებს, რომელთაც ბრიუსელისადმი უნდობლობა აერთიანებთ, ასევე არ მოსწონთ გერმანიის პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში“, - წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, კიევს ამ შეთავაზებასთან მიმართებით, აქტიური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა არც საწინააღმდეგო აზრი გამოუხატავს. „როგორც ჩანს, ზელენსკი ელოდება ევროკავშირის სამიტს, რომელიც 23 ივნისს იმართება და 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭონ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი“, - წერს მედიასაშუალება. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.