ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა

Reuters-ის ცნობით, ათასობით ლიეტუველმა შეაგროვა თანხა, რათა უკრაინისთვის, რუსეთთან ბრძოლისთვის, უპილოტო სამხედრო აპარატი შეიძინონ.

„ამ ომის დაწყებამდე, არცერთ ჩვენგანს არ ეგონა, რომ იარაღს შევიძენდით. მაგრამ ეს უკვე ნორმალურია, რაღაც უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს“, - აცხადებს ლიეტუვის ერთ-ერთი მოქალაქე და თანხის შემწირველი.

მოქალაქეების მიერ ოთხ დღეში შეგროვილი ფულით, Bayraktar TB2 სამხედრო დრონის შეძენა იგეგმება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.