რეზნიკოვი: უკრაინამ დანიური Harpoon-ებისა და ამერიკული ჰაუბიცების მიღება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა, დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დანიისგან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, Harpoon-ისა და აშშ-ისგან, თვითმავალი ჰაუბიცებისა მიღება დაიწყო.

„ჩვენი ქვეყნის სანაპირო თავდაცვა არა მარტო გაძლიერდება Harpoon-ის რაკეტებით, არამედ ამ იარაღს გამოიყენებენ კარგად გაწვრთნილი უკრაინული გუნდები. დარწმუნებული ვარ, Harpoon-ებისა და ჩვენი „ნეპტუნების“ ძმობა გაათავისუფლებს და ჩვენს შავ ზღვას უსაფრთხოს გახდის, დაიცავს ჩვენს ოდესას“, -აცხადებს რეზნიკოვი.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ომში წარმატებულად მუშაობს სამი სახეობის 155-MM არტილერიის ჰაუბიცა M777, ჰაუბიცა FH70, САУ CAESAR, ასევე უკრაინამ უკვე მიიღო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი М109.

 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.