უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევის რეგიონში, ბუჩას ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
„ბუჩა არის რუსული არმიის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლო. ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეები, რუსების მიერ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ძარცვის მრავალი შემთხვევა არის ის, რაც მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სახელით გმობს რუსეთის მიერ ჩადენილ საშინელ ძალადობას.
„პატივი მივაგოთ მსხვერპლს და მხარი დავუჭიროთ დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.
საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტით ჩავიდა. კოლონა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის კოლეგას დმიტრო კულებას კიევში შეხვდება. მხარეები უკრაინის მიმართ ყველა სფეროში საფრანგეთის მხარდაჭერას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას დაეთმობა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.