თურქეთი მზადაა, უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის ორგანიზებასა და მონიტორინგის მექანიზმის შესაძლო ჩამოყალიბებაში თავისი როლი შეასრულოს. ეს თემა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით.
ლიდერებმა ასევე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები და სირიაში არსებული ვითარება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ PKK/YPG ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები თურქეთისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სირიაში გრძელდება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გატარება.
რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.