არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა", თუ აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას არ მიაწვდის

რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა“, თუ შეერთებული შტატები შეაჩერებს შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის მიწოდებას, ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის ბედისა და მისი დამოუკიდებლობისთვის.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ იარაღის სისტემების მცირე რაოდენობაც კი შეცვლის ვითარებას რუსეთთან ომში, რადგან მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ ჯარებს, დაიცვან თავი რუსეთის თავდასხმებისგან.

შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე, ჯო ბაიდენის ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ მისი ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს.

უკრაინის ოფიციალური პირები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის მიღებით არიან დაინტერესებულნი (Multiple Launch Rocket System, ან MLRS) რომელსაც შეუძლია, ასობით მილის დაშორებით რაკეტების სროლა. CNN-მა და The Washington Post-მა პარასკევს გაავრცელეს ინფორმცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ეს და სხვა, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინას გაუგზავნოს.

უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, სისტემები მიწოდების საკითხი აქტიურად განიხილება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.

უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.