რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებას დანიასაც უჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დანიურმა კომპანიებმა Ørsted-მა და Shell Energy Europe-მ გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს.
Ørsted-მა 30 მაისს განაცხადა, რომ „გაზპრომს“ გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდის. თანხის გადახდის ვადა 31 მაისს ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.
ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.