უკრაინის შეიარაღებული ძალები, მთავრობა და ხალხი ასი დღეა, იცავენ უკრაინის სახელმწიფოს რუსი დამპყრობლებისგან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამ გზავნილით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოვიდა, სადაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად იმყოფება მისი გუნდის წევრებთან ერთად იმყოფება.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ფრაქციის ლიდერ დავით არახამიასთან, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკთან და პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა გამარჯვებას მიაღწევს.
„ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის აპარატის უფროსი აქ არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის მიხაილო პოდოლიაკი აქ არის. ჩვენი გუნდი გაცილებით უფრო ძლიერია. აქ არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოს ხალხი აქ არის. ჩვენ ასი დღეა, ვიცავთ უკრაინას. გამარჯვება ჩვენი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.