უკრაინაში შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების სამიზნე ჯგუფები განსაზღვრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი განსაზღვრავს ინდივიდუალური სანქციების სამიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, ასახელებს ყველა კატეგორიის პირს, ვის მიმართაც უნდა დაწესდეს პერსონალური სანქციები. ასევე, შემოთავაზებულია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის სტრატეგია.
„ინდივიდუალური სანქციების მიზანია, გაზარდოს ზეწოლა რეჟიმის მმართველ ელიტაზე და ამით დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. ჯგუფი სთავაზობს სანქციების დაწესებას იმ კატეგორიის პირებზე, ვისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი. კერძოდ, შემოთავაზებულია ადამიანთა კატეგორია, რომლის მიმართაც დემოკრატიული სამყაროს მხრიდან სანქციები იქნება ყველაზე მტკივნეული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხსენებულ პირებს შორის არიან: ოლიგარქებ მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადი კორპორატიული აღმასრულებლები, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ოჯახის წევრები და მარიონეტები. ჯგუფი ასევე გვთავაზობს, ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას.
სანქცირების პოტენციური კანდიდატების რაოდენობა მინიმუმ 12000 ფიზიკურ და 3000 იურიდიულ პირს შეადგენს. განცხადების თანახმად, სანქციები Forbes-ის სიაში მყოფ უმდიდრეს რუსებს დაუყოვნებლივ უნდა შეეხოთ.
ეს საგზაო რუკა ყველა ძირითად გადაწყვეტილების მიმღებს გადაეგზავნება. როგორც ცნობილია, 29 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ექსპერტთა ჯგუფის შექმის შესახებ გამოაცხადა. მიზანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გავლენის გაანალიზებაა. ჯგუფს ხელმძღვანელობენ ანდრი იერმაკი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი და მაიკლ მაკფოლი, ფრიმენ სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.