დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებისთვის, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მხარდაჭერის მეორე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„რუსულმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის და გლობალური საზოგადოება ერთად იმუშავებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა დომინიკ რააბმა.
პაკეტის თანახმად, სხვა მექანიზმებთან ერთად, პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, რომელიც განთავსებულია ჰააგაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ICC-ს შორის ინფორმაციის სწრაფ გაზიარებას უხელმძღვანელებს. ამასთან, განხორციელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების უწყვეტი თავდაცვის ანალიზი და მონიტორინგი, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების დაცვის ჩათვლი.
როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.